რეგიონი
ხამისკურელები სტიქიის შედეგებთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ
ამ დრომდე არ გაწმენდილა მეწყერის შედეგად ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, ურთას მთის მიმდებარედ, ჩახერგილი საავტომობილო გზა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარის მიერ გარღვეულ კალაპოტს კი მოსახლეობა საკუთარი ძალებით სახელდახელოდ ამაგრებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ უამინდობის შემთხვევაში ისინი გარე სამყაროს მთლიანად მოწყდებიან. ამჟამად, 10-მდე ოჯახი საკუთარ სახლებამდე მისვლას მხოლოდ ფეხით ახერხებს. მოსახლეობა ბოლო პერიოდში მეწყერის გააქტიურებას ბზის გახმობას უკავშირებს.



„არავინ არ არის ჩვენი პატრონი. რამდენი დრო გავიდა და არ ვიცით, აკეთებენ თუ არა. მალე ფეხითაც ვერ შევძლებთ გასვლას. ვითხოვთ, დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა, სანამ მთლიანად არ წალეკავს აქაურობას ღვარცოფი და მეწყერი“, - ამბობენ ადგილობრივები.



თვის მხრივ, ხობის გამგებელი გოჩა ჯიქია ირწმუნება, რომ სტიქიდან მეორე დღეს კომისია სოფელში ჩავიდა და შექმნილი ვითარება ადგილზე შეისწავლა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებულია.

„მივიღეთ დასტური, რომ პროექტს ცენტრალური მთავრობიდან დააფინანსებენ. ახლა ვამზადებთ განსახორციელებელი სამუშაოების პროექტს და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გოჩა ჯიქიამ.



რაც შეეხება მეწყერის გააქტიურებას, გამგებელი ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებაში წერილი გააგზავნა, თუმცა ჩვენთან საუბარში ვერ გაიხსენა, თუ ვის მიმართა კონკრეტულად.

„მთიდან მიწის ჩამოსვლა მთლიანად მცენარის გახმობას ალბათ არ უკავშირდება, ეს პრობლემა შეიძლება კარიერის მოპოვებასაც გამოეწვია, რომელიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, იქ ხდებოდა. ყველანაირად ვცდილობთ შევისწავლოთ ეს პრობლემა", - თქვა გამგებლმა.



გარემოს ეროვნულ საგენტოში აცხადებენ, რომ ურთას მთის კალთებზე მეწყერის ჩამოწოლაზე ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. წერილობითი მიმარვისა და პრობლემის აღწერის შემთხვევაში, სააგენტოში ამბობენ, რომ საკითხით დაინტერესდებიან და არსებული პრობლემის შესასწავლად ადგილზე ჯგუფი გაემგზავრება.









Print