ახალი ამბები
მამაკაცი, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელსაც ცაცხვში ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დღეს ამბობდნენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ამავე საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი გიორგი ნიჟარაძე კი ამბობს, რომ პაციენტი თავიდანვე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით იყო შემოყვანილი.

"ჰქონდა სხეულის ძლიერი დაბეჟილობა. იყო ასაკოვანი. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა", - უთხრა რადიო "ათინათს" ნიჟარაძემ.

დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ პაციენტს თავის ტვინის შერყევა და ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა კი სტაბილური იყო. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით არის აღძრული, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ცაცხვში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება 

სამგზავრო მატარებელი, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, ზუგდიდის სადგურში ჩავიდა
Print