რეგიონი
ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილეს (ვიდეო)
ზუგდიდში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ანაკლიის პორტის მშენებლობისას შესაძლო ზემოქმედებისა და მათი შემარბილებელი მექანიზმების გატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კვლევებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ. ის გარემოს ფონური მონაცემების შეგროვების სამუშაო პროცესს, მიწისქვეშა წყლების დაბინძურების დადგენას, წყლის სინჯების ფლორის, ფაუნის, თევზის , ძუძუმწოვრებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ენდემების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.

მომხსენებელმა სოფიო ბერიშვილმა აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანზე შემარბილებელი ზემოქმედების გეგმა შემუშავდება.

კონსორციუმის წარმომადგენლებმა დამსწრეთა მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა საკითხით, მათ შორის, პორტის მშენებლობისას ადგილობრივების დასაქმებითა და მშენებლობისათვის საჭირო ინერტული მასალის მოპოვებით დაინტერესდნენ. გარდა ამისა, დაისვა კითხვები, იყო თუ არა შესწავლილი სეისმიკა, როდის დაიწყება მშენებლობა და იქნება თუ არა შრომითი უფლებები. აღნიშნულ საკითხებზე 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ უპასუხა.

„ეს კვლევები ემსახურება იმას, რომ პორტის მშენებლობამ არ გამოიწვიოს პრობლემები. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც სეისმური საკითხები, ინერტულ მასალებს საქართველოში მოვიპოვებთ. მშენებლობისას დასაქმდებიან ადგილობრივები და მათი შრომითი უფლებები იქნება დაცული, ხოლო მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია რიგ პროცესებზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის მეორე კვარტალში აქტიური სამუშაო პროცესი დაიწყება“, - აღნიშნა მირცხულავამ.

ანგარიშის წარდგენას, რომელიც მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები, მოსახლეობა და ანაკლიის ბუფერულ ზონაში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრა ხვალ ანაკლიაში ჩატარდება.

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Print