რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დასახელების ნაყინი შეამოწმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ქართული წარმოების სხვადასხვა დასახელების ნაყინი შეამოწმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 დასახელების სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ნაყინის 105 ნიმუშს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არცერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით.

”ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს”, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.


Print