რეგიონი
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის უფროსად დათო შენგელიას ძმა დაინიშნა
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად ოთარ შენგელია დაინიშნა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყოფილმა უფროსმა თამაზ ჯანაშიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, საკადრო ცვლილებას წინ მედიკოსებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მურმან ფარფალიას განმარტებით, ოთარ შენგელია პოლიკლინიკის დირექტორად პირდაპირი წესით დაინიშნა. მისივე შეფასებით, შენგელია მისი გამოცდილებიდან და მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე შეირჩა.

"მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, არის თავისი საქმის პროფესიონალი. სხვადასხვა წლებში რუსეთის ფედერაციაში და ბელორუსიაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. ოთარი გამოირჩევა მენეჯერული თვისებებით, იყო კლინიკის ხელმძღვანელი... ბოლოს ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტში მუშაობდა. რაც შეეხება თამაზ ჯანაშიას, მას მედ პერსონალის რამდენიმე წევრთან დაპირისპირება ჰქონდა, რის შემდეგაც მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მას ექიმების ნაწილი უწუნებდნენ პოლიკლინიკის მართვას, რაც იყო აბსურდი. თამაზიმ პრაქტიკულად არაფრისგან შექმნა უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება",- თქვა ფარფალიამ.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ოთარ შენგელია არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის დათო შენგელიას ძმაა. აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტს ოთარ შენგელიას პოლიკლინიკის უფროსად დანიშვნასთან კავშირი არ აქვს.

"დათოს ჩემთვის არასოდეს უთხოვია, რომ ჩემი ძმა სადმე დანიშნეო. ეს ადამიანი დაინიშნა თავისი წარსულიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. იქ ახლა, ალბათ, ჭორებს ავრცელებენ, რომ იმიტომ დავნიშნეთ დათოს ძმაა. ეს არის სიმართლე, დათო აქ არაფერ შუაშია", - აღნიშნა მურმან ფარფალიამ.

69 წლის ოთარ შენგელიამ რადიო"ათინათთან" სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ამ ეტაპზე თანამშრომლებს ეცნობა და ჯერჯერობით, ოპტიმიზაციას არ გეგმავს. რაც შეეხება დათო შენგელიასთან მის ნათესაურ კავშირს, ამბობს, რომ ამ ფაქტთან მის ძმას არანაირი კავშირი არ აქვს.

"აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აქ დათო არაფერ შუაშია... აფხაზეთის მთავრობაში ისეთი უწყება არ დარჩენილა, რომელმაც აქ წამოსვლა არ მთხოვა. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა", - თქვა ოთარ შენგელიამ.

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, სადაც ფუნქციონირებს ამბულატორიული ქირურგია, ლაბორატორია, რედგენისა და ულტრასონოგრაფიის კაბინეტები. პოლიკლინიკაში იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას 50-მდე მედიკოსი ემსახურება.


Print