რეგიონი
დეპუტატი მე-4 სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა მეოთხე საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. დეპუტატმა იდეა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გაახმოვანა. საკრებულოს სხვა წევრებმა ხარჩილავას წინადადება მოუწონეს და აღნიშნეს, რომ საკითხს მომავალში განიხილავენ.

„1999 წლის საკრებულოს სხდომაზე მეოთხე სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხი დამტკიდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო ეს თავის დროზე ვერ განხორცილდა. მაქვს სურვილი, რომ განვიხილოთ ეს საკითხი. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული სკოლა, სხვა სკოლებისგან განსხვავებით, დღემდე არავის სახელობის არ არის“ , - განაცხადა ხარჩილავამ.

გარდა ამისა, ხარჩილავა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა. საკრებულოს წევრს სურს, რომ თეატრის შენობის წინ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი მოეწყოს.

კიდევ ერთი სკვერის მოწყობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ. მისი თქმით, ზუგდიდში უნდა არსებობდეს გაბისკირიას სკვერი, რადგან მომავალმა თაობამ მისი ღვაწლისა და თავდადების შესახებ უნდა იცოდეს.



Print