რეგიონი
გელა ლეჟავა: ე.წ. კლუბური ნარკოტიკები მეტწილად ფალსიფიცირებულია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი-ნარკოლოგი გელა ლეჟავა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ხშირ შემთხვევაში, ფალსიფიცირებულია, რის გამოც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია. მისივე განმარტებით, კლუბური ნარკოტიკების, მათ შორის, ექსტაზს (MDMA) ხშირ შემთხვევაში იატაქვეშეთში, ხელოვნურად ამზადებენ და მოქმედების გასაძლიერებლად სხვადასხვა მინარევებს უმატებენ.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში იმატა ამ ნარკოტიკების მოხმარებამ და ეს ტენდეცია ევროპაშიც შეინიშნება...თითქოს ითვლება, რომ ეს ნარკოტიკი არის ნაკლებად მავნე, თუმცა მას ხშირად მომაკვდინებელი ეფექტი აქვს “, - აღნიშნა გელა ლეჟავამ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამბობს ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ სამართალდამცავები ვერ მოახერხებენ და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს.

„ვინც არ უნდა იყოს ის, დეპუტატი თუ ნებისმიერი მოქალაქე, არ უნდა ეწეოდეს, თუნდაც ნაკლებად მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებების პროპაგანდას. იმ ხალხის სინდისზეა მსგავს ნარკოტიკებს შეწირული ახალგაზრდების სიცოცხლე, რომლებიც ამ ნარკოტიკების შემოტანას უწყობენ ხელს“, - ამბობს გელა ლეჟავა.

დღეს GEM Fest-ის ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ინტოქსიკაციით საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ამავე სიმპტომით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 5-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

3 აგვისტოს კი Gem Fest-ის ტერიტორიაზე კლუბური ნარკოტიკების შენახვა-შეძენის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მას გამოძიება კლუბური ნარკოტიკების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

Print