რეგიონი
პუტინი ხვალ, შესაძლოა, არა სოხუმში, არამედ ბიჭვინთაში ჩავიდეს
8 აგვისტოს დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით სამზადისი ჯერჯერობით არ შეინიშნება, „ათინათის“ წყაროს ცნობით, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, არა სოხუმში, არამედ ბიჭვინთაში გეგმავს ჩასვლას.

რუსულ და აფხაზურ მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პუტინს სურს ვიზიტი სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების წლისთავს დაამთხვიოს“. მოკლე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რუსეთის პრეზდენტის შეხვედრა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან.

ინტერნეტ - გამოცემა РБК - ს ცნობით, პუტინის პრეს - მდივანს დმიტრი პესკოვს არ დაუდასტურებია აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ზატულინის ვარაუდით, აფხაზეთში პუტინის ვიზიტი ქვეყანაში რთულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ასევე, 1 აგვისტოს საქართველოში აშშ - ს ვიცე - პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს უკავშირდება.

ვლადიმირ პუტინი ბოლოს აფხაზეთში 2013 იმყოფებოდა. მაშინ ის ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც ალექსანდრე ანქვაბთან გამართა მოლაპარაკებები.




Print