რეგიონი
კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა (ვიდეო)
გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენისის მიზნით, ზუგდიდში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა. მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მისი დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ასოციაციას მიხეილ ცირდავა უხელმძღვანელებს.

ასოციაციის დარსებას წინ უძღოდა სამეცნიერო კონფერენცია "მეღვინეობა-მევენახეობა სამეგრელოში", რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. სწორედ აქ გადაწყდა შექმნილიყო კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია.

ახლადშექმნილი ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მივიწყებული, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენას და იზრუნოს მათ გაშენებაზე (კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში და ა.შ). მასში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება.



ასევე, ასოციაციის შექმნის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვრებს გარეთ. გაერთიანების გეგმებში შედის ასევე სანერგე მეურნეობის შექმნა და ტრადიციული მეღვინეობის შესახებ მეწარმეთათვის ტრენინგების ჩატარება.

ახლადშექმნილი ბიზნეს-გაერთიანების საქმიანობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩართვას ხელს აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუწყობს.

Print