ახალი ამბები
ცოცხალი ჯაჭვი და მშვიდობიანი აქცია ენგურის ხიდზე (ვიდეო)
ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია „შეაჩერე ოკუპაცია“ გაიმართა. ცოცხალი ჯაჭვით აქციის მონაწილეებმა ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გააპროტესტეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ბერულავას თქმით, ენგურის ხიდზე 8 აგვისტოს აქციის ჩატარება სიმბოლურია.

„მე მიხარია, რომ ბევრი მოქალაქე შემოგვიერთდა სხვადასხვა რეგიონიდან, გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის წევრებიც. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მათ შეუძლიათ მოქალაქეობრივი აქტივობა გამოიყენოს, რათა უფრო ხმამაღლა და ხშირად ისმოდეს მსოფლიოში: არა ოკუპაციას“, - განაცხადა ბერულავამ.



აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა ელისო კილაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის დეოკუპაციისა და სამოქალაქო პროტესტის მოძრაობა იქნება. კილაძემ ხელისუფლებასაც მიმართა და რუსეთის წინააღმდეგ ერთად დგომისკენ მოუწოდა.

„აფხაზეთი არის საქართველო და ჩვენ არასოდეს დავუთმობთ ოკუპანტებს ჩვენს ტერიტორებს. მოვედით, რომ მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ ყველას, რომ საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას. მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, ჩამოვიდეს აქ და დადგეს ჩვენთან ერთად, რადგან თქვენი ამოცანაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს“, - აღნიშნა კილაძემ.




მშვიდობიან აქციას მოქალაქეები, „აფხაზეთის კრების“ წევრები, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდნენ. აქციის ბოლოს სიმბოლურად მტრედებიც გაუშვეს.

მსგავსი აქცია პარალელურად სოფელ ყარაფალაში, საოკუპაციო ხაზთანა გაიმართა. აქციების ორგანიზატორია მედია ჰოლდინგი „ქრონიკა +“ , საინფორმაციო მხარდამჭერები კი რადიო „აფხაზეთის ხმა“ და „ოლ მედია“ არიან.

მანამდე, 14 ივლისს მშიდობიანი საპტორესტო აქცია სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩატარდა.

ამავე თემაზე:

ენგურის ხიდზე აქცია მიმდინარეობს

ცოცხალი ჯაჭვი და მშვიდობიანი პროტესი - 8 აგვისტოს ენგურის ხიდზე აქცია გაიმართება

Print