რეგიონი
სამეგრელოში საკარანტინო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები განახლდა (ვიდეო)
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია 30 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძში. ადგილზე იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებენ.



აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, დაახლოებით, 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მტკიცებით, მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული.



დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ფერმერებს გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვდებიან.

Print