ახალი ამბები
რუსი სამხედროები ტყაიაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბანაკდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ე.წ საზღვრიდან 200 მეტრში, რუსმა სამხედროებმა სახელდახელო კარავი მოაწყეს. ნაგებობა მდინარე ენგურში არსებულ იმ პატარა კუნძულზეა განთავსებული, რომელიც სოფელ ტყაიას ტერიტორიას ეკუთვნის. აღნიშნულ ადგილას მოსახლეობას სახნავ-სათესი სავარგულები აქვს. გამგებლის ედემ კეკუტიას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ნაგებობა მიმდინარე კვირაში მოაწყვეს. მისივე თქმით, რუსი სამხედროები ბოლო რამდენიმე დღეა, გააქტიურდნენ.



"რუსმა სამხედროებმა ოთხი ბოძი დადგეს და ეს ადგილი გადახურეს. ბოლო სამი დღეა, რაც ადგილობრივები სახნავ-სათეს მიწებზე ვერ გადადიან, რადგან რუსი სამხედროები, პერიოდულად, დადიან ამ ტერიტორიაზე და მოსახლეობას ეშინია. მით უმეტეს, უკვე ორი ადამიანი დაიჭირეს", - აღნიშნა კეკუტიამ.




აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რადიო "ათინათი" სუს-ს დაუკავშირდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომენტარს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.

სოფელ ტყაიაში, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ ადგილობრივი თენგიზ მიქავა დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, ის სათევზაოდ იყო წასული. მათივე თქმით, მიქავა რუსმა სახმედროებამ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.



ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის, სოფელ პალურის მკვიდრი უ.სამუშია დააკავეს.


ამავე თემაზე:

გატაცებული ტყაიას მკვიდრი გალის იზოლატორში იმყოფება

რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ტყაიაში ერთი ადამიანი დააკავეს
Print