ახალი ამბები
"ევროპულმა საქართველომ" თხილის ზარალის აღწერის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
"ევროპული საქართველოს" ადგილობრივმა ორგანიზაციამ ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლის ზარალის აღწერის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

დღეს პარტიის წევრები სოფელ დარჩელში იმყოფებოდნენ, სადაც მათ თხილნარები დაათვალიერეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მოსავალი ფატობრივად, სრულად განადგურებულია.




"დარჩელით დავიწყეთ. ვაპირებთ, რომ ზუგდიდის რაიონი სრულად მოვიაროთ და შევაგროვოთ ხელმოწერები, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ, დაითვალოს ზარალი და შემდეგ მის კომპენსაციაზე იზრუნოს", - უთხრა რადიო "ათინათს" "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ.

ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ მათ თხილნარებში მავნებელი ისევ გამრავლდა. გარდა ამისა, თხილის სხვა დაავადებებიც არის გავრცელებული. ისინი დახმარებას ხელისფლებისგან ითხოვენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ გადაწყდება, ჩატარდება თუ არა წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ხელმეორედ.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან. პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 ივნისს დაიწყო და ივლისის დასაწყისში დასრულდა. 

ამავე თემაზე:

აზიური ფაროსანა თხილნარებში ისევ გამრავლდა (ვიდეო)

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი არ ჩატარდება (ვიდეო)

დაბალი ზონის სოფლებში თხილის მოსავალი განადგურდა (ვიდეო)
Print