რეგიონი
სოფელ ობუჯში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება. გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე მავნებლი განსაკუთრებით

ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულშია გავრცელებული და სამუშაოები სწორედ ამ სოფლიდან დაიწყო. სიმინდის ყანები და თხილნარი "თერმული ნისლის" ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და გამგებლის მოადგილე სევერიანე შეროზია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, წალენჯიხაში მავნებელს ზარალი არ გამოუწვევია.

"მავნებელს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ზარალი არ გამოუწვევია. სოფელში თხილის მოსავალი შედარებით კარგია, თუმცა ახლა გავრცელდა მავნებელი და მიმდინარეობს წამლობა" , - უთხრა რადიო "ათინათს" ბესიკ ფარცვანიამ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გასულ კვირაში განაახლა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია 30 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, დაახლოებით, 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მტკიცებით, მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული.


 

Print