ახალი ამბები
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ამერიკელი ენტიმოლოგი ეცნობა
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ადგილზე ეცნობა.

მან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მავნებლისგან დაზიანებული ფართობები და სიმინდის ყანები მოინახულეს.

ვიზიტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს და საქართველოს მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.

ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი საქართველოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ეწვია.

ახალი ინვაზიური მავნებელი, აზიური ფაროსანა - ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო (halyomorpha halys) - სასოფლო- სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. მავნებელი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა.



სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გასულ კვირაში განაახლა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია 30 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, დაახლოებით, 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მტკიცებით, მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

Print