რეგიონი
საგამოძიებო სამსახური GEM FEST-თან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს
საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, შპს „არტ პლატფორმას“ მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მოსამართლის განჩინებების და შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. 

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გატარებული იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი, გიორგი სიგუა გუშინ გამოკითხეს.
Print