ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრი: აზიური ფაროსანა მნიშვნელოვანი გამოწვევაა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა. გაფართოებული შეხვედრა მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მიერ წარმოდგენილი იყო ანგარიში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები მავნებლის გავრცელების კერებში სრულად არიან მობილიზებულნი გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. მოწვეულმა ექსპერტმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესია ფერმერების ჩართულობა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და სახელმწიფო თანმიმდევრულ და სისტემურ ღონისძიებებს ახორციელებს.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება და წამლობითი სამუშაოები ამ ეტაპზე სიმინდის ნათესებში მიმდინარეობს, რაც აუცილებელი ღონისძიებაა იმისათვის, რომ მავნებლის პოპულაცია შემცირდეს. წლის ბოლოს კი მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავდება ღონისძიებების სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Print