რეგიონი
ლელა ქებურია: ზუგდიდის მოსახლეობა თხილის მოსავლისგან 100 მლნ ნაკლებ შემოსავალს მიიღებს
სამეგრელოს მოსახლეობა თხილის რეალიზაციის შედეგად წელს სულ მცირე 100 მილიონით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს და ეს კლება უმეტესად ზუგდიდის მოსახლეობის ჯიბეზე აისახება, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ლელა ქებურიამ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვქონდა მოთხოვნა, რომ ხელისუფლებას აღერიცხა აზიური მავნებელი ხოჭოსგან მიყენებული ზიანი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ზუგდიდში დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და 3000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ დაზარალებული მოსახლეობისგან. თუმცა ხელისუფლებისგან არ გადადგმულა არანაირი ქმედითი ნაბიჯი და მოსახლეობას არ აქვს არანაირი პასუხი, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს ხელისუფლება არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. “, - განაცხადა ქებურიამ.

მისივე თქმით, თხილი სამეგრელოს მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია და საქსტატის მონაცემებით, მისი ექსპორტი შემცირდა.

„2014 წელს იყო 180 მილიონი დოლარი, 2015 წელს - 173 მილიონი, 2016 წელს - 173 მილიონი დოლარი, 2017 წელს კი - 29 მილიონი“, - დასძინა მან.

"ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ თუკი ერთი კვირის ვადაში სათანადო ზომები მიღებული არ იქნა, ზუგდიდის რაიონი თხილის შემდეგ, ახლა უკვე სიმინდის გარეშეც დარჩება.

Print