რეგიონი
სენაკში "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია
სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული "საქართველოს ბანკის" ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი მ.წ. დააკავეს, ხოლო კიდევ ერთ თანამზრახველზე თ.შ-ზე ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით.

ზემოაღნიშნული ფაქტი 2017 წლის 24 მაისს დაფიქსირდა.


Print