რეგიონი
„ენმ“ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს 25 აგვისტოს წარადგენს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 25 აგვისტოს ანაკლიაში წარადგენს. პარტიაში ამ ეტაპზე მაჟორიტარი დეპუტატობის გარდა სხვა კანდიდატების ვინაობას არ ასახელებენ.

ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, პარტიაში 60% ახალი სახეებია. მისივე ინფორმაციით, ქალაქის უბნებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

პაატა ადამია (ქირურგი) - ცენტრალური უბანი;

თენგიზ გაბედავა (პირველი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი) - ფაიფური-საჯვარო;

გიორგი ქობალია (ენერგეტიკის მენეჯმენტის დოქტორანტი) - კომბინატი;

ნინო ფიფია (უცხო ენის სპეციალისტი) – ე.წ. პრესოვკა-მახარაძე;

ვახტანგ ეზუგბაია - (სპორტსმენი, ყოფილი კალათბურთელი) - რკინიგზის სადგური.

„მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკაში, ისინი ჩვენი ახალი სახეები იქნებიან. ამ ადამიანებს შეუძლიათ იბრძოლონ ზუგდიდელების პრობლემების მოსაგვარებლად“, - თქვა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება, სოფლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, წითლიძის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან.

„შემიძლია რამდენიმე დაგისახელოთ, მაგალითად, დარჩელში ჩვენი წარმომადგენელი იქნება ექიმი ენვერ აბსანძე, ასევე ექიმი იქნება ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ნარაზენში, ამ სოფლის მკვიდრი გოდერძი თოდუა“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

ამ დრომდე, ოფიციალურად მერობის კანდიდატი მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. ლელა ქებურია მოქმედი დეპუტატია და ის საკანონმდებლო ორგანოში "ენმ"-ს პროპორციული სიით შევიდა.

მმართველი პარტიის ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ მათ კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღეში დაასახელებს.




Print