რეგიონი
ახალკახათში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
,,ძალიან ლამაზი გამოვიდა ახალკახათის ახალი საბავშვო ბაღი! სამომავლოდ ამის მსგავს ბევრ ახალ, ფერად საბავშვო ბაღებს ავაშენებთ!" - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.

,,ჩვენი შვილები საუკეთესო გარემოში უნდა იღებდნენ განათლებას. ჩვენ კონკრეტული სამოქმედო გეგმა გვაქვს, რომელიც ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას და სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ახალ სასწავლო წელს ბავშვებთან ერთად ამ შენობას გავხსნით. მეამაყება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ასეთი ლამაზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გვაქვს," - წერს გოგია.

ახალი საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში სამი ჯგუფი განთავსდება. სამივე მათგანს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილი და გარდერობი ექნება. საბავშვო ბაღი შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

ბაღი სრულად აღიჭურვა ახალი ინვენტარით. მოწესრიგდა საბავშვო ბაღის ეზო და სათამაშო ზონა.

ახალკახათის საბავშვო ბაღის ძველი ხის შენობა ავარიული იყო, რის გამოც პატარები სკოლამდელ განათლებას ნაქირავებ კერძო სახლში იღებდნენ.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორცელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. ბაღის მშენებლობისთვის 383 106 ლარი დაიხარჯა. ახალი ინვენტარის შესაძენად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარი გამოიყო.

Print