რეგიონი
ბოტანიკური ბაღის გვერდით საცხოვრებელი კორპუსი აშენების იდეა საკრებულომ მოიწონა (ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, შესაძლებელია, საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს. მშენებლობის ნებართვის წერილი ქალაქის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე განიხილეს. საკითხს მხარი დამსწრე დეპუტატობიდან მხოლოდ ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ არ დაუჭირა. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ქალაქის მერიაში შესაბამისი წერილი აღნიშნული საკარმიდამო ნაკვეთის მესაკუთრეებმა შეიტანეს.

ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას თქმით, ის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას მხარს არ დაუჭერს, „რადგან ზუგდიდელებისთვის ბოტანიკური ბაღი სათუთი თემაა“.

„ვთვლი, რომ სანამ მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამასთან დაკავშირებით აზრი მოსახლეობას და არასამთავრობოებს უნდა ვკითხოთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ქოჩუას თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მიწის ნაკვეთის მეპატრონეებმა, მშენებლობის დაწყებამდე ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ. საცხოვრებელი კორპუსის მაკეტი დღევანდელ სხდომაზე არქიტექტორმა ლევან სოლოღაშვილმა წარმოადგინა.

„ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ცოტა სენსიტიური თემაა ქალაქისთვის, თუმცა ისტორიულადაც ეს ადგილი განაშენიანებული იყო მცირე საცხოვრებელი სახლებით და დიდად სტატუსს არც ვუცვლით. ვითხოვთ ამ ადგილს მიენიჭოს საცხოვრებელი ზონა 5-ის სტატუსი. მე, როგორც არქიტექტორი, ჩემს თავს იმ შეზღუდვას წავუყენებდი, რომ არ წავსულიყავი სიმაღლეში, ხუთ სართულზე მეტი განაშენიანება მაგ კორპუსს არ მოუხდება“, - თქვა სოლოღაშვილმა.

ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად ორსართულიანი კერძო სახლები დგას.






Print