რეგიონი
ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმოს დამაარსებელზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
გრაფ როზმორდუკის შესახებ, რომლის სახელი ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმოს დაარსებას უკავშირდება დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ინიციატივა ქალაქ ზუგდიდის მერიას ეკუთვნის. ფილმის გადაღების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 000 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფილმის შინაარსი უნდა ასახავდეს გრაფ როზმორდუკის სამეგრელოში მოღვაწეობის პერიოდს, ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს (საფრანგეთიდან ზუგდიდში აბრეშუმის ფაბრიკისთვის საჭირო დაზგების და იარაღების ჩამოტანას), ეკატერინე ჭავჭავაძის ჩართულობას მეგრელი ქალების ხელობით დაინტერესაბაში, ზუგდიდში წარმოებული აბრეშუმის ძაფის ექსპორტს საფრანგეთის ბაზარზე, ფაბრიკის დაარსების ისტორიულ მნიშვნელობას და ა.შ.

ამავე დოკუმენტაციის მიხდვით, გადაღებები შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, 1848 წელს გრაფ როზმორდიუკმა (საფრანგეთის თბილისელი კონსულის შვილი) და უფლისწულმა კონსტანტინე დადიანმა დაარსეს მეაბრეშუმეობის გამავრცელებელი საზოგადოება და აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, რომელმაც 1863 წლამდე იარსება.

როზმორდიუკმა ფაბრიკის აღსაჭურვად ორთქლის მანქანა და სხვა საჭირო დანადგარები საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ამასთან ჩამოიყვანა ამ საქმის მცოდნე ორი ფრანგი ქალი (მარი და სიუზეტი), რომლებმაც თავიანთი ხელობა ადგილობრივ მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს. პირველსავე წელს დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი საფრანგეთში გაიყიდა 3250 მანეთად. 1852 წელს, მოსკოვის გამოფენაზე ზუგდიდის აბრეშუმსახვევი საწარმოს პროდუქტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

Print