რეგიონი
ხობის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა „ასავალ-დასავალს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა
ხობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ქვარაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. საბჭოს სამდივნომ მისი განცხადება ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადავო გახდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული ორი სტატია: “ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“.

„სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “სტატიებში დასახელებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებულია არასაიმედო წყაროს მიერ, ასევე ორივე შემთხვევაში გამოქვეყნებულია არასრულწლოვანი ბავშვების სურათები მშობლების თანხმობის გარეშე. მათი სურათების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ამ ბავშვების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიერ მათ გაკიცხვას.” აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები – 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 7 (დისკრიმინაცია), 8 (ბავშვის ინტერესები)“, - აღნიშნულია ქარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Print