ახალი ამბები
მინისტრი: აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურ დირექტორთან მავნებელთან ბრძოლის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში დარგობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მავნებლის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა, ვინაიდან, დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



მარტინ ვორდის განცხადებით,მავნებლის გავრცელება საერთაშორისო პრობლემაა. მან ქართული მხარის მიმართ „ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სრული მხარდაჭერა გამოხატა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ჩართულობით აზიური ფაროსანას კვლევა დაიწყება, რაც ექსპერტებს და მეცნიერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. მუშაობა ასევე დაიწყება ევროკავშირში მწერის პოპულაციის კონტროლისთვის, რაც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას შეუწობს ხელს.



აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემასთან ბრძოლაში საქართველოს დახმარებას IPPC-იც ჰპირდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

როგორც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურმა მდივანმა განაცხადა საქართველო აზიური ფაროსანას სახით, მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ამავე თემაზე:

მინისტრი აზიურ ფაროსანაზე: კომპენსაციისთვის შესაძლებლობები ამ ეტაპზე არ მოიძებნება


Print