რეგიონი
აფხაზური მხარე ჟენევის დისკუსიებზე აზიური ფაროსანას საკითხს დააყენებს
ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება, აფხაზური მხარე განსახილველ საკითხებს შორის, რეგიონში ეკოლოგიური უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის და აფხაზური არქივის საკითხების გატანას გეგმავს. 

„აბხაზია ინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით, არსებობს რამდენიმე საფრთხე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - აზიური ფასროსანა. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის ACF კვლევების თანახმად, ეს მავნებელი აფხაზეთის ტერიტორიის 80% - ს მოედო. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, ის გალის რაიონსა და სოხუმშია გავრცელებული. მისივე მონაცემებით, კიდევ ერთმა მავნებელმა ბზის ალურამ, კოლხური ბზის დიდი ნაწილი გაანადგურა.
მეოთხე საფრთხეს წარმოადგენს პალმის აზიური ცხვირგრძელა, რომელიც პალმებს ანადგურებს.

კან ტანიამ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში გავრცელებული საქონლის დაავადების - ნოდულარული დერმატიტის გავრცელებაზე. მან აღნიშნა, რომ მისი პრევენციის მიზნით, აუცილებელია ვაქცინის შეძენა, რადგან, თუ პირუტყვს არ უმკურნალებენ, მისი ხორცი კვებისთვის გამოუსადეგარი იქნება.

კან ტანიამ განმარტა, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად, ისინი ჟენევის დისკუსიებზე საერთაშორისო დახმარების მოზიდვას გეგმავენ.
„ეს არა მარტო აფხაზეთის, არამედ, მთლიანად შავიზღვისპირეთის პრობლემაა, რომელიც არსებობს, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთსა და რუსეთში“, - თქვა მან.

ტანიამ განცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა კულტურული მემკვიდრეობის , საარქივო მასალების და ტექნიკური დოკუმენტაციის საკითხებს.

Print