რეგიონი
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან კობა ქანთარიასთან ერთად უძღვებოდა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რეგიონში 50 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული. მუშაობს ასევე მავნებელთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო დროებითი შტაბი. გიორგი ხანიშვილმა მავნებლის პოპულაციის შემცირების და ლოკალიზების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია როგორც ღონისძიებების მასშტაბურობის გაზრდა, ასევე, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რაშიც ყველა რგოლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში სულ 83 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში, ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებს და ნათეს ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და სამანქანე აგრეგატებით ამუშავებს. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია ასევე მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია.

Print