რეგიონი
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მერაბ ქვარაიამ ისაუბრა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ზიანი თავისი მასშტაბით, შესაძლოა, ბოლო წლებში ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას აღემატებოდეს.

„მე ვხედავდი სამუშაოებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მოდით ვთქვათ, რომ პრობლემა რეალურად გაცილებით დიდია. საჭიროა ყველამ, პირველ რიგში მთავრობამ, ახალი ღონისძიებები დაგეგმოს, რათა ზარალი არ გასცდეს საზღვრებს და ფატალური შედეგი არ დადგეს. ადამიანები, რომელთა ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო თხილი, დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ხომ არ ჯობია, გაიხსნას საგანგებო შტაბი, რომელიც მწერთან ბრძოლის გეგმას შეიმუშავებს. მესმის, რომ კომპენსაციების თემა, შეიძლება, არასასიამოვნო, რთული და არასახარბიელო პრაქტიკაა ხელისფლებისთვის, მაგრამ რა გეგმა გესახებათ იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, - მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრს ქვარაიამ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას დეპუტატები სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან ისმენენ.


Print