რეგიონი
ანაკლიის პორტის ტერიტორიის დაცლა რამდენიმე მოსახლემ დათქმულ ვადაში ვერ მოახერხა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადგილობრივების განსახლების მოსახლეობის ნაწილი, რომლებმაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღეს, სახლებს სწრაფი ტემპით შლიან. მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორიის დაცლის ვადა 15 სექტემბრამდე მისცა, თუმცა მათ სახლების დაშლა ვერ მოასწრეს.

„ალბათ ერთ კვირაზე მეტი კიდევ დამჭირდება და თუ გადაწევენ დროს, კარგი იქნება. ნივთები გადატანილი მაქვს, მაგრამ სახლის დაშლას დრო სჭირდება. აქ ბევრია ისეთი, ვინც დათქმულ დროში ვერ ეტევა, არიან ისეთებიც რომლებიც უკვე გადავიდნენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანაკლიის მკვიდრმა ილია გაბელიამ.




ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ანაკლიელების პრობლემას ადგილზე შეისწავლიან.



„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე ვერ ასწრებს გადასვლას. თუ ვინმე არის ისეთი, ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში და არაოფიციალურად ორშაბათამდე კიდევ გადავუწევთ დროს. თუმცა თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ აგვისტოს ბოლომდე უნდა დაეცალათ ტერიტორია. ორშაბათს ვაწარმოებთ ახალ მონიტორინგს და უფრო კონკრეტულად გვეცოდინება იქ არსებული სიტუაცია“, -აცხადებენ სააგენტოში.

პორტის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ტერიტორიაზე დაახლოებით 63.5 ჰა მიწის ნაკეთი, 42 სახლი და 2 ნანგრევი გამოისყიდა. კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციისთვის ქვეყნის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 96 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.



ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.





 

Print