ახალი ამბები
გამგებლის მოადგილე: თხილის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციები არ გაიცემა (ვიდეო)
თხილის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციები არ გაიცემა, თუმცა საუბარია სახელმწიფო პროგრამების გაძლიერებაზე. ამის შესახებ ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, სახელმწიფო პროგრამების გაძლიერება ჯანდაცვის და სოციალურ სფეროს შეეხება, რაც, მისივე თქმით, მოსახელობას გარკვეულწილად შეუმსუბუქებს სოციალურ ფონს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აქციის მონაწილეებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, წოწერიას ცნობით, სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ასევე თითოეულ ოჯახს, რომელიც თხილის პლანტაციას ფლობს შესაწამლი პრეპარატი გადაეცემა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე.

„ოთხი მოთხოვნა დააყენა მოსახლეობამ. ეს არის პრემიერთან შეხვედრა, კომპენსაციების საკითხი, ასევე, გატარდეს ღონისძიებები, რომ იმავე საშიშროების წინაშე არ დადგეს მოსახლეობა, გარდა ამისა, ითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას“, - აღნიშნა წითლიძემ.

ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, გუბერნიასთან რჩება და დაშლას არ აპირებს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საავტმობილო გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს.

მანამდე ისინი გუბერნატორის მოადგილესა და გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიას შეხვდნენ. მათ შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ზუგდიდის სოფლების მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბური აქციებით და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

Print