ახალი ამბები
გალში მორიგი შერეული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა (ვიდეო)
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ყველა იმ გამოწვევასა და პრობლემაზე ვისაუბრეთ, რომელიც ბოლო პერიოდში არსებობს. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ენგურის ხიდზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მთავარ საკითხად ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის რაშინ კანჯი ოღლის დაკავების საკითხი დააყენა.

„საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული არაა დაკავებული. საჭიროა ამ საქმის ლოგიკურ ჭრილში გადაყვანა“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.



„ხურჩა - ნაბაკევში მავთულხლართების გავლება საკმაოდ დიდი პრობლემაა. ეს არის უსაფრთოხების ნორმების დარღვევა. გარდა ამისა, არსებობს ჰუმანიტარული პრობლემა, რადგან მოსახლეობა ვეღარ ამუშავებს საკუთარ სახნავ-სათეს მიწებს. მათი პოზიცია იყო ის, რომ არსებობს ე.წ. საზღვარი და ეს დე-ფაქტო ხელისფლებასთან შეთანხმებულია. ცხადია, ეს არაა ვალიდური არგუმენტი. იზღუდება გადაადგილების და მიწის ნაკვეთებზე წვდომის თავისუფლება“, - თქვა ქემოკლიძემ.

მისივე ცნობით, მორიგ შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზეც, მათ შორის მამა-შვილ როგავებზე ისაუბრეს.

ქემოკლიძის თქმით, აღნიშნულ საკითხებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ოქტომებრში განიხილავენ.


ამავე თემაზე:

რუსმა სამხედროებმა ხურჩაში მავთულხლართების გავლება დაასრულეს

Print