რეგიონი
ყულიშკარის გამგებელი ენმ-ის მიერ გავრცელებულ სიაზე - ყველა ცოცხალია, ალბათ შემეშალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის გამგებლის წარმომადგენელი ლადო შველიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბისთვის სიების გადაცემას უარყოფს. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისთვის მის სოფელში მცხოვრები საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთა სია არ გადაუცია და აღნიშნულთან დაკვაშირებით ენმ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია. მისივე ინფორმაციით, სიაზე არსებული ბეჭედი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ავრცელებს, ძველია.



„მე ვარ საჯარო მოხელე, რომელსაც კანონით აკრძალული მაქვს საარჩევნო შტაბთან თანამშრომლობა , ის სიები რომელიც ანა წითლიძემ გამოაქვეყნა არის სრული აბსურდი, ეს არის ძველი სიები, ეს არის სულ სხვა ბეჭედი, ეს არის იგავ-არაკის დონეზე გავრცელებული ინფორმაცია, იმ სიებში ზოგიერთი გარდაცვლილია“, -აცხადებს ლადო შველიძე.

ენმ-ს მიერ გავრცელებული სიების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სოფლის გამგებლის სიტყვები გარდაცვლილებთან დაკავშირებით არ დასტურდება და ყველა მათგანი ცოცხალია.

ამის შემდეგ, რადიო „ათინათს“ შველიძემ უთხრა, რომ სიაში მათი ვინაობა ალბათ, სწორად ვერ ამოიკითხა და შეეშალა.

„როგორც ჩანს სია არსწორად წავიკითხე და სახელები ამერია, რადგან ცუდი ხარისხით იყო ამობეჭდილი. რაც შეეხბა ბეჭედს და ხელმოწერას მე არ მეკუთვნის და არანაირ სიაზე მე ბეჭედი არ დამირტყამს, არც საარჩევნო შტაბთან ვთანამშრომლობ“,-თქვა შველიძემ.



„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი ადგილობრივ ხელისფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლმა რწმუნებულებს თემში მცხოვრები საჯარო მოხელეების, მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური მონაცემების შეგროვება დაავალა. დავით კოდუა აღნიშნულ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტია ამას დაამტკიცებს, მზად არის პასუხი აგოს.


Print