სამმართველოს უფროსი: საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილები სასწრაფო განსახლებას არ ექვემდებარებიან
ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის
ტერიტორიული ორგანოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას
ინფორმაციით, ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში
ჩასახლებული დევნილები არ ექვემდებარებიან სასწრაფო განსახლებას.
ჩილაჩავას თქმით, აღნიშნულს 2015 წლის სამხარაულის ექსპერტიზის
დასკვნა ადასტურებს.
„სამინისტრო ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ამ ხალხს, ბინები მაგიტომ
შენდება, რომ არცერთი დევნილი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. თუმცა,
არსებობს 2015 წლის სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ
შენობაში მცხოვრები დევნილები სასწრაფო განსახლებას არ
ექვემდებარებიან. სამხარაულის ექსპერტიზა წელსაც შეისწავლის ამ
შენობას და უკვე ახალი დასკვნების მიხედვით სამინისტრო მიიღებს
ზომებს. ზუსტად სამოცდათოთხმეტი ოჯახი იყო ჩვენი მონაცემებით
გასასახლებელი, მაგრამ ყოველ დღე იმატებს ეს ციფრი“, -განაცხდა
მანუჩარ ჩილაჩავამ.
ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები
არიან ჩასახლებულები, მეორე და მესამე სართულებს შორის, დერეფანში
იატაკი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დევნილები
განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები