რეგიონი
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მედიკოსებს შეხვდა (ვიდეო)
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ლაშა გოგიამ მედიკოსებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, გოგიამ ჯანდაცვის მიმართულებით, ახლი პროგრამების შემუშავებაზე, ექიმთა საბჭოს შექმნასა და საავადმყოფოების რეაბილტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მერობის კანდიდატმა დამსწრეებს პირობა მისცა, რომ ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში არსებულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„საუბარი იყო იმაზე, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩემი ოცნებაა ენგურქაღალდკომბინატის საავადმყოფო აღდგეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაიწყოს ფუნქციონიერება. ერთ-ერთი ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული საავადმყოფო იყო“, - თქვა გოგიამ.

შეხვედრის დასასრულს სცენაზე საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ავიდა და მედიკოსებს ლაშა გოგიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ექიმებო ,პროფესიონალებო, ჩვენო ერთგულებო. გვიყვარხართ ძალიან, ხმა მივცეთ ლაშა გოგიას , ნომერ 41-ს, ხმა მივცეთ "ქართულ ოცნებას", მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სადაც შვიდი ადამიანია გათვალისწინებული, შვიდი ექიმი და კოდექსით შეიძლება იყოს გათვალისწინებული ფრაქცია "ექიმები", ფრაქცია "ექიმები ქალაქებიდან" და ფრაქცია "ექიმები სოფლიდან". ღმერთმა გისურვოთ წარმატება და ბედნიერება!“,- უთხრა ექიმებს მაიზერ ნანავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Print