არჩევნები
ქებურია: მეორე ტურში, პატრიოტთა ალიანსის გარდა, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მხარს დავუჭერ
ჩვენი ერთადერთი სამიზნე ამ არჩევნებში არის ხელისუფლება - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ რადიო „ათინათის“ გადაცემა „კანდიდატში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, პარტიის მთავარი მიზანია და პრინციპულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღარ მართავდეს ქვეყანას.

„ეს აქამდე არცერთ ეთერში არ მითქვამს. ამ არჩევნებს ვუყურებ, როგორც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას, ამიტომაც, მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს დავუჭერ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რადგანაც არსებობს გარკვეული წითელი ხაზები“, - განაცხადა ქებურიამ.

გარდა ამისა, ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ განსხვავებული ღირებულებები აქვთ.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით და არ ეძებს არეულობაში შანსს“, - აღნიშნა ლელა ქებურიამ.

ქებურია ზუგდიდის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატია. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.


ამავე თემაზე:

ბაქრაძე - უგულავა "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი - ლელა ქებურია და სიის პირველი ნომერი ბათლომე შელია
Print