ახალი ამბები
ქარტია: ხობის სკოლაზე მასალებში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა ქარტიის პრინციპები დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ასავალ - დასავალის" ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ ქარტიის პირველი(სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპი დაარღვია. აღნიშნული საქმე ქარტიის საბჭომ ხობში განიხილა და პროცესს ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები დაესწრნენ. სხდომაზე მოპასუხე ჟურნალისტი არ გამოცხადებულა და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სადავო სახდა "ასავალ-დასავალის" მიერ 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია “ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33 გამოქვეყნებული სტატია „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“. სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს.

ქარტიაში საჩივარი სკოლის დირექტორმა ნანა ქვარაიამ წარმოადგინა.

Print