რეგიონი
„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ ქრისტიანული ტაძრების გადასარჩენად იუნესკოს მიმართავენ
დე ფაქტო აფხაზეთში მოქმედმა საქველმოქმედო მოძრაობამ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაეროს და იუნესკოს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, წერს „სპუტნიკ აბხაზია“. მიმართვის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ იუნესკო და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო სტრუქტურები „აფხაზეთის უნიკალური ტაძრების შენარჩუნების პრობლემას ყურადღებას მიაქცევენ“.

„აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - ნათქვამია მიმართვაში.

„1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური ომის დროს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები ბარბაროსულად ანადგურებდნენ აფხაზური კულტურის ნიმუშებს, აფხაზი ერის უნიკალური რელიქვიები და არტეფაქტები გაჰქონდათ, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებს და სიწმინდეებს“, - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ.

„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ თვლიან, რომ 21- ე საუკუნეში ახალი „ბერლინის კედლის“ აღმართვა დაუშვებელია. სწორედ „არსებული სიტუაციის გათავლისწინებით მიმართავენ ისინი იუნესკოს და გაეროს კეთილ ელჩებს“.

Print