ახალი ამბები
კახათში დევნილებმა საცხოვრებელი ფართების მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ჩაის ყოფილი ფაბრიკის შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, შენობა, ავარიულია და საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

"წარმოუდგენელია ზამთარში აქ ცხოვრება, გვაწვიმს, საშინელი ნესტია და შენობაც ავარიულია. თუ ბინებს არ მოგვცემენ, გადაგვიხურონ მაინც",- განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა თათუშა კეზუამ.



აქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სხვა პრობლემებთან ერთად კანალიზაციის გაუმართაობაზეც საუბრობენ.

"გაუმართავია კანალიზაცია, ჭა გაუქმდა, რადგან დაბინძურებული წყალი მინდორში მიედინება და ჭაშიც მოხვდა. შიგნით არ გვაქვს არც დასაბანი წყალი და არც სააბაზანო და საპირფარეშოოები. ნაგვის ურნა დადგეს და ისიც წაიღეს, ნაგავი გარეთ იყრება და ბავშვები მანდ თამაშობენ",- ამბობენ დევნილები.



ერთ-ერთი მათგანის, ნათია კვარაცხელიას თქმით, მას კომისიამ რვა ქულა მიანიჭა მაგრამ ბინა, ჯერჯერობით, მაინც ვერ მიიღო.

"ვცხოვრობ ორ ბავშვთან ერთად გაუსაძლის პირობებში. საშინელი ნესტია და ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. არაფრით არ დავთმობ, რომ ბინა არ მომცენ", - თქვა ნათია კვარაცხელიამ.

თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამმართველო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება და დევნილებს საცხოვრებელი ფართებით დასკვნის შესაბამისად უზრუნველყოფენ.



ჩაის ყოფილი ფაბრიკის შენობაში 14 დევნილი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, წლებია, ცხოვრობს.

Print