ახალი ამბები
სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა სამეგრელოს იმ ლოკაციებზე მუშაობს, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება. სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ნათესებსა და მასივებში კონკრეტული ლოკაციები იწამლება.

ამასთან, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება. პარალელურად გრძელდება პრეპარატების დარიგების პროცესი, ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი , ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა. პრეპარატების გადაცემა დაახლოებით 230 ოჯახისთვის არის დაგეგმილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს რეგიონს უკვე გადასცა პრეპარატები, რომლის დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.

მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.


Print