რეგიონი
თემურ ნადარაია აზიურ ფაროსანაზე: ეს საერთო უბედურებაა
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ინფორმაციით, აზიურმა ფაროსანამ თხილის პლანტაციებსა და ხეხილის მეურნეობებს განსაკუთრებით დიდი ზარალი გალის რაიონში მიაყენა. ამის შესახებ, მან სოციალური ქსელის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. ნადარაიას ვარაუდით, საქართველოში მავნებელი მწერი თურქეთიდან და იტალიიდან შემოვიდა და შემდეგ გალის რაიონში გავრცელდა. მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლის ყველაზე უსაფრთხო ხერხი - მტვერსასრუტის გამოყენებით მისი მოგროვება და შემდეგ გადანდგურებაა, რადგან ქიმიური პრეპარატებით დამუშავება სასურველ შედეგს შედეგს არ იძლევა.

ნადარაიას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გალის რაიონში ქიმიური პრეპარატი „დიმილინი“ შეიტანეს. აღნიშნული ქიმიური საშუალებით მცენარეების დასამუშავებლად დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ავიაცია გამოიყენა.

ამავე ცნობით, „მთავრობამ მევნებელთან საბრძოლველად 4 მილიონ რუბლზე მეტი გამოყო, დამატებით 500 ათასი - ადგილობრივი ბიუჯეტიდან“. გალის რაიონში ივნისსა და ივლისში 4 ჰექტარზე განთავსებული თხილის და სიმინდის ნარგავები დამუშავდა, თუმცა მავნებლის მხოლოდ 20 % - ის განადგურება მოხერხდა.

„ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ბანერებს ათავსებს, რომელთა საშუალებით მოსახლეობას მავნებლის განადგურებისკენ მოუწოდებს. ეს ერთადერთი გზაა, თან საკმაოდ ეფექტური. ეს საერთო უბედურებაა“, - თვლის თემურ ნადარაია.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა“ დაურ თარბამ გადაცხადა, რომ მავნებელთან ბრძოლაში შედეგის მისაღწევად აუცილებელია სერიოზული, გეგმაზომიერი და ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება და არა ერთჯერადი აქციები.

აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრობლემასთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირი გამართა, რომელზეც გადაწყდა, რომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალური კომისია შეიქმნება.


Print