ახალი ამბები
ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის,გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე აშშ-ის წარმომადგენლებთან გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციებზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო. გარდა ამისა, „განხილვის საგანი იყო ასევე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა, როცა მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებას და უხეშად ლახავენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, საკუთრებაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე, განათლების მშობლიურ ენაზე მიღებასა და ჯანდაცვაზე“. სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებებზე აღინიშნა. რომ უკანონო ქმედებებმა შესაძლოა დარჩენილი ქართველების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნა გამოიწვიოს.

ამასთან, ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების წვდომის აუცილებლობაზე, ასევე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებზე.


Print