ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებებზე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზეც ისაუბრეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი აზიური ფაროსანას მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც ოპერატიული და ქმედითი რეაგირების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას გულისხმობს.

მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები იყო.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებებზე ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.

"დღის წესრიგის ერთ-ერთი მწვავე თემა იყო ასევე გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია. განხილულ იქნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება, ქართული გვარებისა და ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულება და მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვაზე. ქართველმა მონაწილეებმა ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეაფასეს ასევე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელის არ დაკავებასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს დამნაშავის დაკავების აუცილებლობა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საოკუპაციო ხაზზე ე,წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებს, ასევე, უკანონო დაკავებებისა და გატაცების პრობლემას.

"გარდა ამისა, მონაწილეებმა საქართველოდან ისევ დააყენეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის განხორციელება. ამის ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელდა კრემლის გადაწყვეტილება სოხუმში რუსეთის სპეციალური საბაჟო პუნქტის შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის მთელ ტერიტორიას დაფარავს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყურადღება დაეთმო ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. ხაზი გაესვა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის პროცესისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურებას.


მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

ჟენევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს

Print