რეგიონი
ლაშა გოგია სპორტის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია სპორტის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან შეკრებილებს კულტურის სფეროში დაგეგმილ პროექტებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტია, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. მსისივე თქმით, წელსვე იწყება ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონი ლარია.

მმართველი პარტიის, ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ზუგდიდში საცურაო აუზი, სპორტკომპლექსი, კრივის დარბაზი და ჭადრაკის სასახლე მოეწყობა, მომავალ წელს კი მთლიანად დასრულდება უეფას სტანდარტების საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა, ზუგდიდში ასევე აშენდება რაგბის სტადიონი.

„მნიშვნელოვანია რომ კულტურის და სპორტის დაფინანსება 2012 წელთან შედარებით ადგილობრივ ბიუჯეტში ორჯერ გაზარდა. ჩვენი მიზანია განათლება, კულტურა და სპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის, ნებისმიერ ახალგაზრდას გააჩნდეს ცოდნის გაღრმავებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა! ამ მიზნით ჩვენ გავხსნით ახალ ბიბლიოთეკებს და სპორტული დარბაზებს. ყველა სოფელს გაუჩნდება თანაბარი შესაძლებლობები და მიეცემა განვითარების დამატებითი საშუალებები “, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის 7 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა ერთმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აქედან, ხუთმამათგანი მერობისთვის პარტიული ნომრით, ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოლებს.

Print