არჩევნები
ეთერ ფაცურია დომენტი სიჭინავას - მჯერა, ხალხს მეტ ყურადღებას მიაქცევთ
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ დღეს, სოფელ კახათში სოციალურად დაუცველი ეთერ ფაცურია მოინახულა, რომელიც ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, სოციალური დახმარება კი 4 წელია მოხსნილი აქვს და ამ დრომდე მისი აღდგენა არ მომხდარა.

ეთერ ფაცურიას ხის ფიცარზე სძინავს, გასათბობად კი ერთადერთი პლედი აქვს. სახლში საკვებად არაფერი აქვს. მერობის კანდიდატს პატარა ჯამით ფქვილი აჩვენა, რომელიც გუშინ მას მეზობელმა მოუკითხა. წლებია, ასაკიანი ქალბატონი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, სწორედ ასე ცხოვრობს. ეზოში მეორე ფიცრულია, რომლის მეორე სართულზე მის ვაჟს სძინავს. აღნიშნულ სახლში წვიმა ჩამოდის და ხის კედლები დამპალია.

ერთადერთი, რაზეც ასაკოვანი ქალბატონი არ წუწუნებს, მედიკამენტებია. მიუხედავად არსებული მძიმე პირობებისა და სოციალური დახმარების არარსებობისა, ეთერ ფაცურია ამბობს, რომ მთავარია მისი შვილი დასაქმდეს და არც სოციალური დახმარების აღდგენას მოითხოვს. ის დომენტი სიჭინავას მხარდაჭერას უცხადებს და იმედი აქვს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ყურადღებას სწორედ სიჭინავა მიაქცევს მისნაირ პირობებში მყოფ ხალხს.



„ჩვენ ხმას ვაძლევთ სიჭინავას. ის უფრო მეტ ყურადღებას მოგვაქცევს. ხალხზე იზრუნებს, მისი დიდი იმედი გვაქვს“, - ამბობს ეთერ ფაცურია.

ეთერ ფაცურიას მონახულების შემდეგ, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეხვედრა ადგილობრივებთან გამართა.

„რეალური თვითმმართველობა მეტი არაფერია, თუ არა ხალხის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება. ამიტომაც ამომრჩევლებთან ყველა შეხვედრაზე ვამბობ, რომ ვისწავლოთ იმის მოთხოვნა, რაც გვერგება", - ამ სიტყვებით მიმართა დომენტი სიჭინავამ მოსახლეობას.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი მოქმედება მართებს და მერი ხალხს კაბინეტში არ უნდა ხვდებოდეს.

კახათის მაცხოვრებლების თქმით, ისინი სრულ ნდობას მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს უცხადებენ, რადგან, ფიქრობენ, რომ დომენტი სიჭინავას წარსული საქმიანობა და გამოცდილება მნიშვნელოვნად წაადგება ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის.

®
Print