რეგიონი
ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მოსახლეობის ნაწილი აზიური ფაროსანასგან  მიყენებული ზარალის ანზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება. აქციაზე, დაახლოებით, სამასამდე ადამიანი იმყოფება.


აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის პლაკატები უჭირავთ: "მოვითხოვთ კომპენსაციას", ესენი (ბიძინა ივანიშვილი, ლევან შონია, ლაშა გოგია) იპარავენ" და სხვ. ამასთან, მათ ადგილზე მავნებლის მიერ დაზიანებული სიმინდი, თხილი და პლასტმასის ბოთლებში მოთავსებული და დახოცილი აზიური ფაროსანა მიიტანეს.


აქციაზე ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს და თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ელოდებიან.



„ფაროსანამ ყველაფერი შეჭამა, გადახრა და დაგვტოვა მშივრები. აქ იმიტომ ვართ, რომ გვინდა მთავრობას მივაწვდინოთ ხმა, ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.



აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

Print