რეგიონი
ზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქცია დაიშალა (ვიდო)
ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელიც აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს, ამ წუთებში გაიხსნა. აღდგენილია ავტომობილების მოძრაობაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეები მათი თხოვნის შემდეგ დაიშალნენ.


ნიკა მელია ენმ -ს ერთ ერთი ლიდერი

„მათ ვერ მიიღეს ვერანაირი პასუხი ადგილობრივი მთავრობისგან. ჩვენ ვთხოვეთ აქციის მონაწილეებს, რომ დღეს დაიშალონ. ეს ხალხი თავად დაირაზმება შემდეგში, მათ არ სჭირდებათ ორგანიზება. სამეგრელოში მოხდება სოციალური აჯანყება და აფეთქება. ამ ადამიანებს სჭირდებათ კონკრეტული პასუხი“, - აღნიშნა მელიამ.



აქცია გუბერნიასთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის კობა ქანთარიას განცხადებით, მთავრობა კომპენსაციებს ვერ გასცემს, თუმცა მავნებელთან ბრძოლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

"ადრეც გავეცით შესაწამლი საშუალებები და ახლაც მიმდინარეობს პრეპარატების დარიგება. კომპენსაციის საკითხი არ დგას დღის წესრიგში", - თქვა ქანთარიამ.



შელაპარაკება ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დროებით დაიშალნენ და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციებს გამართავენ.



აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული. მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.



Print