რეგიონი
მერაბ ქვარაია დღევანდელ აქციას პროვოკაციას უწოდებს
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განცხადება გაავრცელა. „თბილისის შემდეგ ზუგდიდი - ნაციონალური მოძრაობის მორიგი პროვაკაციული აქტივობა პოლიტიკური მიზნებისთვის ახლა უკვე ზუგდიდში. როგორც ჩანს ენმ თავის ხელწერას არ ცვლის. იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც აქციაზე იყვნენ, არსებითი ზიანი მიაყენა აზიურმა ფაროსანამ და მათ მართლაც ჰქონდათ საკუთარი გულისტკივილის გამოხატვის საფუძველი . აი ნაციონალურ მოძრაობას კი დღემდე ვერ გაუგია, რომ პოლიტიკური ზიანი, რომელიც მათ სჭირთ, მათივე პროვოკაციული წარსულის და ქმედებების შედეგია და ვერანაირი მსგავსი აქტივობა მათ გამანადგურებელ დამარცხებას ამ არჩევნებზე ვერ შეაჩერებს. მით უფრო ასეთი აქციების ორგანიზებით იმ ფაქტის გადაფარვა, რომ ნაცმოძრაობის რღვევის პროცესი გრძელდება და ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციას დამფუძნებლები ტოვებენ პარტიას, ფუჭი კონტრღონისძიებაა“, -ნათქვამია განცხადებაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციული შენობის წინ თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული. მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

Print