არჩევნები
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. ის დებატების ფორმატით უნდა წარმართულიყო, თუმცა მმართველი პარტიის კანდიდატმა აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამასთან, შეხვედრაზე მისვლა არ ისურვა ენმ-ის მერობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ. აქედან გამომდინარე, მოდერატორებმა ზვიად ქორიძემ, არჩილ თოდუამ და შეხვედრის მონაწილეებმა კანდიდატებს კითხვები ცალ-ცალკე დაუსვეს.

საუბარი ძირითად თვითმმართველობის რეფორმას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, გარევაჭრობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო.



მმართველო პარტიის მერობის კანდიდატმა საკუთარი ოთხწლიანი გეგმის პრიორიტეტებზე ისაუბრა. რაც შეეხება ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის ემზარ კვარაცხელიას კითხვას, რას მოიმოქმედებს ის არჩევის შემთხვევაში ჰომოფობიური გარემოს შესაცვლელად ქალაქში, გოგიამ უპასუხა, რომ ის ძალადობას გმობს, მაგრამ არის ქართველი და მართლმადიდებელი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. თუ რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება, მერობის კანდიდატს დამატებით განმარტებები არ გაუკეთებია.

ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება დამოუკიდებელმა კანდიდატმა. დომენტი სიჭინავას თქმით, აუცილებელია ყველა კომპანიას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს და ერთეულ კომპანიებს ან ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს ქალაქი მონოპოლიზებული. მისივე თქმით, მიგრაციის შეჩერება სწორედ ინვესტიციების მოზიდვით შეიძლება.



რაც შეეხება კითხვას სექსუალური უმცირესობების შესახებ, მან თქვა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები სხვა მოქალაქეებთან თანასწორები არიან.

„მე ვერ დაგპირდებით, რომ თქვენთან ერთად გამოვალ დროშებით, მაგრამ არც სასულიერო პირებთან ერთად ვაპირებ გამოვიდე სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ“, - თქვა სიჭინავამ.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ საკუთარი პროგრამის პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, რომ თითო ბავშვზე ათას ლარიანი ვაუჩერი გაიცეს. მისივე განმარტებით, ეს მშობლებს მისცემს ბაღების თავისუფალად არჩევის შესაძლებლობას. რაც შეეხება კითხვას სექსუალური უმცირესობების შესახებ, ქებურამ განმარტა, რომ ის მათ უფლებებს დაიცავს.



„მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც უფლებების დარღვევის შემთხვევაში დადგება თქვენს გვერდით და იბრძოლებს თქვენთან ერთად“, - თქვა ქებურიამ.

მოდერატორმა ზვიად ქორიძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ინფრომაციული და საინტერესო იყო.



Print