რეგიონი
ჩხოროწყუში მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გაიხსნა. აღნიშნული ბაზა ორი ლაბორატორიის, საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობისგან შედგება. ლაბორატორიის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებული ლევან შონია ესწრებოდნენ.


„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ექსპერიმენტული ბაზა დარგის განვითარების ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ბაზაზე განთავსებულია სასელექციო და სანაშენე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია ხალასი ქართული ფუტკრის ჯიშის გამოყვანა, სელექცია და მაღალპროდუქტიული ჯიშის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახლავთ უნიკალური გენოფონდი, რომელიც დაკარგვის პირას იყო და რომლის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეძლო. ახლა კი მნიშვნელოვანია ბაზაზე დაინერგოს ის მეთოდები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გავამრავლოთ და შემდგომ ამ ახალი ჯიშის პრაქტიკულ გამოყენებაში დაბრუნება შევძლოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა უნიკალური პროექტია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ემსახურება კავკასიური რუხი ფუტკრის ჯიშის აღდგენას და პოპულარიზაციას.

როგორც გუბერნატორმა ლევან შონიამ აღნიშნა, მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო არა ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყოფილი მუხურის მეფუტკრეობის სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის აღდგენა დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ასევე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები. სემინარები გაიმართება ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებზე, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელებიც დაკავშირებულია, როგორც ხელოვნურ განაყოფიერებასთან, ასევე ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან.


ამავე თემაზე:


მუხურის ლაბორატორია მეგრული ფუტკრის გადასარჩენად (ვიდეო)

Print