რეგიონი
„ფული და პოლიტიკა“ - შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე „ფული და პოლიტიკა“ იმსჯელეს. ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ქართული კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია და ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა ამ კუთხით გარკვეული რისკები მაინც არსებობს.

„არსებობს რისკები, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ტრიალებდეს არადეკლარირებული ფული, თუმცა მის აღმოსაჩენად არ არის საკმარისი ერთი უწყების მუშაობა. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს მთელი რიგი ორგანიზაციებისა, მათ შორის, საგამოძიებო სტრუქტურები, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან, რომ ყველა შემოწირულობა დეკლარირებულად და გამჭვირვალედ წარუდგინონ აუდიტის სამსახურს. ვალდებული არიან დეკლარაციაში ასახონ შემოწირულობა, ეს იქნება იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიერ გაღებული თუ ვინმეს მიერ უფასოდ საოფისე ფართის დათმობის, ბანერის ბეჭდვის, ტელევიზიის მიერ დათმობილი დროის და ა.შ.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის არჩევნებისთვის ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ და „ევროპულმა საქართევლომ“ მიიღო.

შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, „ევროპული საქართველოსა“ და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print